geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის გასვლითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა ბოლნისსა და დმანისში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის ორგანიზებით ბოლნისის მუზეუმში გაიმართა გასვლითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათედრის აკადემიური პერსონალი: კათედრის გამგე პროფესორი ალექსანდრე შენგელაია, ასოცირებული პროფესორები ამირან ბიბილაშვილი და თამარ ჭელიძე, სტუდენტები და მოწვეული მეცნიერები, მათ შორის  პროფესორი ლუჩიანო ორტენზი (Università degli Studi della Tuscia).
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სტუდენტების კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობებზე. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეცნიერებისა და განათლების ინტეგრირებული განვითარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ კათედრის მიერ დაწესებული პრიზებითა და სიგელებით, მათი აკადემიური მიღწევებისა და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
გასვლითი შეხვედრის შემადგენელი ნაწილი იყო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამაც. მონაწილეებმა დაათვალიერეს ბოლნისის მუზეუმი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც გაეცნენ საქართველოს უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის მსოფლიო მნიშვნელობის პალეოანთროპოლოგიურ აღმოჩენებს.
კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა გულითად მადლობას უხდის ბოლნისის მუზეუმისა და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებს ღონისძიების ორგანიზებასა და თბილი მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა პროფესორ  დავით ლორთქიფანიძეს და ასოცირებულ პროფესორ  რუსუდან ჩაგელიშვილს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. დიდი მადლობა ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ღონისძიების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის.
კათედრა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და მეცნიერების პოპულარიზაციას.

თარიღი: 27/07/2026